ლევან იზორია - 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში
ლევან იზორია - 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან იზორიას განცხადებით, 9 აპრილი ქართველი ერის ერთსულოვნებისა და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითია.

„9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 9 აპრილს დაღუპულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა და დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. დღესაც და მომავალშიც ჩვენს თავისუფლებასა და მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვიყოთ ერთსულოვანნი ყველა ქართველისთვის სანუკვარი იდეის – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარშემო“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.