ლევან იზორია - 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში
ლევან იზორია - 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში

25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა განახორციელა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია, – ამის შესახებ იუნკერთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი 70 წელი საქართველო იყო ძალადობრივი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი.

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, სამწუხაროდ, ჩვენ ისევ მსგავსი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკვე 2008 წელს განახორციელა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. ამ გამოწვევას ჩვენ ადეკვატურად ვპასუხობთ, როდესაც უდრეკად ვდგავართ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.