ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა
ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა, – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს.

„7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანის თქმით, პეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დაკავებულ პირებს კითხავენ.

„თბილისში და გურჯაანში მოვინახულე, დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე ნაჟღენთები. დაახლოებით, ანალოგიური სურათი გვაქვს, რაც აქამდე იყო. ერთ ძალიან სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი, ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით, ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს და შემდეგ ეს ნივთები გამქრალია. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ რამდენჯერმე გამოვეხმაურეთ, მაგრამ უკვე საგანგაშოდ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კარგავენ პირად ნივთებს.

შეიძლება, დაზიანება ადამიანს სახეზე არ აღენიშნებოდეს, მაგრამ მაინც ჰქონდეს. მე ვიზუალურად ვნახე რამდენიმე ადამიანი, ვისაც ეტყობა სახეზე დაზიანება. დანარჩენს ჩემი წარმომადგენლები დეტალურად იწერენ, ადგენენ ოქმებს და ვუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორის, ვნახეთ თქვენი კოლეგა ბექა ყორშიაც. გარეგნულად მას დაზიანებები არ აღენიშნება, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით, ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტს და ყველა პირადი ნივთი, რომელიც ჩამოერთვათ პროტესტის მონაწილეებს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მათ. ეს მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება ჩამოართვან კანონის გარეშე.

ძირითადად ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ დაკავების დროს და ე.წ მარშუტკაში, როდესაც გადაყავთ. რაც შეეხება იზოლატორებში, ასეთი რამ არ ფიქსირდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იწყებს გამოძიებებს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ იწყებს გამოძიებებს. მე მოვუწოდებ, რომ გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს და გამოავლინოს დამნაშავეები“, – განაცხადა იოსელიანმა.