ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა
ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ლევან იოსელიანის თქმით, მისი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან.

„იცით, რომ გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური, რომელიც არის პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი და ნათია ჯულაყიძე, რომელიც არის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი. ორივე მათგანი ექვსი წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩემთან ერთად მუშაობას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ბრიფინგზე ელენე ღუდუშაურმა მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის სახალხო დამცველს და ასევე ყოფილ მოადგილეებს გაწეული საქმიანობისთვის.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციის დაკავება. მომავალში ძალისხმევას არ დავიშურებ, სახალხო დამცველის ძალიან გამოცდილ, კვალიფიციურ გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც, ჩემი აზრით, დღეს საქართველოშია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მიმართულებით“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს მადლობა გადაუხადა ნათია ჯულაყიძემაც.

„დიდი მადლობა ლევან იოსელიანს ნდობისთვის და იმისთვის, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მომიაზრებს. მე ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მამშვიდებს ერთი რამ, რომ აქ მხვდება ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანების გუნდი. ასევე მინდა, მიმოვიხილო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ასე ახლოს კანდიდატის სტატუსისა და ევროპული ოჯახის წევრობის შესაძლებლობასთან. კანდიდატის სტატუსი პირდაპირ არის მიბმული 12 რეკომენდაციასთან, რომელთაგან ერთ-ერთი არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. შესაბამისად, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის იმაზე დიდი ყურადღების ქვეშ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სახალხო დამცველის განცხადებებს ენიჭება იმაზე დიდი მნმიშვნელობა, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.