ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის
ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა სასამართლოში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიტიკური მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და პოლიტიკური ჯგუფები შეაფასებენ გატარებულ რეფორმებს, ასევე მოამზადებენ საკუთარ ხედვას.

„თვის ბოლოს ჩვენს შეფასებებს დავდებთ და მსჯელობას დავიწყებთ, რა არის გამოსავალი. საბოლოოდ, რაზე მივალთ და რაზე არა, ამაზე საუბარი დღეს არ ყოფილა. ყველა სხვადასხვანაირად უყურებს ჩატარებულ რეფორმას – ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც კრახად და ამ სახის შეფასებებს ყველა პარტია ერთად მოამზადებს, შემდეგ ამ შეფასებებს განვიხილავთ“,  – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში პოლიტიკურ მხარეებს შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.