ლევან იოსელიანი - ვთქვათ, საარჩევნო ბარიერის შემცირება სატყუარაა, მოდით, საქართველოს მომავლისა და უკეთესი პოლიტიკური სისტემისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი
ლევან იოსელიანი - ვთქვათ, საარჩევნო ბარიერის შემცირება სატყუარაა, მოდით, საქართველოს მომავლისა და უკეთესი პოლიტიკური სისტემისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი

„ვთქვათ, საარჩევნო ბარიერის შემცირება სატყუარაა, მოდით, საქართველოსა და უკეთესი პოლიტიკური სისტემისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი, შემოვიდნენ პარლამენტში, დაბალ ბარიერს მხარი დაუჭირონ და შემდეგ თავიანთი დღის წესრიგი გააგრძელონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანმა განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის დაწევა არ სურს, თუმცა მისივე შეფასებით, სხვა ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ბოიკოტით იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან.

„საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებებს სატყუარას დავარქმევთ თუ სხვა ეპითეტით შევამკობთ, მოდით, ეს ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ და დავფიქრდეთ, შედეგი რა იქნება. ვთქვათ, საარჩევნო ბარიერის შემცირება სატყუარაა, მოდით, საქართველოს მომავლისა და უკეთესი პოლიტიკური სისტემისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი, პარლამენტში შემოვიდნენ, დაბალ ბარიერს მხარი დაუჭირონ და შემდეგ თავიანთი დღის წესრიგი გააგრძელონ, რაც აქვთ დაგეგმილი. საქართველოსთვის, უკეთესი მომავლისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს არ აძლევს, მათი არგუმენტი გასაგებია. არ ვეთანხმები, მაგრამ გასაგებია. სხვა პარტიების არ მესმის, რომლებიც ამ საკითხის ბოიკოტით იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან”, – განაცხადა იოსელიანმა.