ლევან იოსელიანი – არასწორად მიგვაჩნია ბოიკოტში ყოფნისას ფულის მოთხოვნა, კანონპროექტი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ სოლიდარულები ვართ დანარჩენი ოპოზიციის მიმართ

14:45, 17.12.2020

ვერანაირი კანონპროექტი ვერ შეცვლის იმ რეალობას, რა რეალობაშიც ვართ. ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკება. კანონპროექტის არავის ეშინია, მით უმეტეს ეს კანონპროექტი ჩვენ საერთოდ არ გვეხება, რადგან თავიდანვე ვთქვით დაფინანსებაზე უარი და მოვუწოდეთ სხვა პარტიებს, რომ არ მიემართათ დაფინანსებისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„არასწორად მიგვაჩნია, თუ ბოიკოტში ვართ და ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, სანაცვლოდ ფულის მოთხოვნა, რომელიც ხალხს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ აქ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება არ გვეხება, მაგრამ სოლიდარულები ვართ დანარჩენი ოპოზიციის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონპროექტით  ბოიკოტის საკითხს ვერ გადაწყვეტენ, ვერც ოპოზიციაში შეიტანენ რაღაც დრამატულ განხეთქილებას. ერთადერთი, ვთვლით, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა დაუთმოს მოლაპარაკებების პროცესს და მოინდომოს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდეს შეთანხმებით. ფულს ითხოვ თუ დროს, რა მნიშვნელობა აქვს, ისიც ფულია და ესეც ფულია. საბოლოო ჯამში, ორივე არის პარტიისთვის შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგის გათვალისწინებით დაფინანსების მიღება მიგვაჩნია არასწორად“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, არანაირ საბოტაჟში „მოქალაქეები“ არ მონაწილეობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და დავიცავთ მას მიუხედავად იმისა, ვის რა აზრი ექნება. არავისი არ გვეშინია, არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების. ჩვენ პარტიას აქვს თავისი გამოკვეთილი ხაზი და ჩვენ განვახორციელებთ იმ პრინციპების დაცვას რაც მიგვაჩნია სწორედ, დაფინანსებასთან, ბოიკოტთან დაკავშირებით, მანდატებზე უარის თქმაზე და რაც მთავარია მოლაპარაკებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგს ვერ გამოიღებს.

„სააკაშვილს რეგისტრაციას გაუუქმებ, ფორმალურად რაღაცას შეუცვლი, თუ ვერ შეუცვლი, ეგ ვერ შეცვლის რეალობას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, ლიდერი, რომელსაც ამ ქვეყანაში ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ეს არის მოცემულობა და ეს მოცემულობა რაღაც ფორმალური ცვლილებებით ვერ შეიცვლება. ამიტომ, არ მგონია, რომ ამან რამე შედეგი გამოიღოს, ეს არის მიმართული, ალბათ ზეწოლისკენ ერთ კონკრეტულ პარტიაზე და არა მგონია, ამან რეალურად შეცვალოს ის სურათი, რა სურათიც გვაქვს. სააკაშვილი დარჩება ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად, გავლენიან პოლიტიკურ ლიდერად და მას ეყოლება ამ ქვეყანაში მხარდამჭერები. ეს მოცემულობა გვაქვს დღეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

მსგავსი