ლევან იოსელიანი – თვითმმართველობის დონეზე არჩევნებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს

12:00, 19.02.2021

თვითმმართველობის დონეზე, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მაჟორიტარული კომპონენტი შენარჩუნებული უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„თბილისში 4/1-თან მოდელი ნორმალურია, რადგან არ უნდა მოესპოთ ურბანულ ლიდერებსა და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ უბანში არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ.

არ შეიძლება, რომელიმე პარტიას მიეკედლო, ან დააფუძნო პარტია იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. დამოუკიდებელი კანდიდატების ჩახსნა ამ პროცესიდან სწორად არ მიმაჩნია. ამიტომ, თბილისში უნდა იყოს 40/10-ზე მოდელი“, – განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

მსგავსი