ლევან იოსელიანი - სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობა არ გინდა, ხალხმა რა მანდატითაც აღგჭურვა, ამის საპირისპიროდ რომ იქცევი
ლევან იოსელიანი - სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობა არ გინდა, ხალხმა რა მანდატითაც აღგჭურვა, ამის საპირისპიროდ რომ იქცევი

სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრის მანდატი გაქვს და არაფერში მონაწილეობა არ გინდა, არც პროცესში არ იღებ მონაწილეობას. ეს ყველაზე დიდი სირცხვილია. ხალხმა რა მანდატითაც აღგჭურვა, ამის საპირისპიროდ რომ იქცევი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ამასთან, ლევან იოსელიანის თქმით, რაც შეეხება სახალხო დამცველის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას, ეს ბრძანება არეგულირებს მარტივ რამეს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი კანდიდატები, პროცესი იყოს გამჭვირვალე და აირჩიონ პარლამენტის წევრებმა ის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ.

„არაფრისგან ამხელა ამბის შექმნა ეწინააღმდეგება ჩვენს მთავარ მიზანს. მიზანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს და სახალხო დამცველის საკითხზე შევთანხმდეთ. ყველამ ვიცით, რომ შეთანხმება აუცილებელია, რადგან მმართველ პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს. თუ არ გინდა ამ საკითხზე შეთანხმება, ნიშნავს, რომ გინდა, ეს საკითხი ჩავარდეს. თუ გინდა, ეს საკითხი ჩავარდეს, ნიშნავს, რომ არ გინდა, ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამის მუხლი შესრულდეს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ არ გინდა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ყველას ვურჩევდი, შეეშვან ასეთი ტიპის პოლიტიკოსობას. ეს არ არის პოლიტიკოსობა, ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინც დაეხმარება, მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაიყვანოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია.