ლევან იოსელიანი - სიძულვილის ენა არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება გამოხატვის თავისუფლება
ლევან იოსელიანი - სიძულვილის ენა არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება გამოხატვის თავისუფლება

სამწუხაროდ, ადამიანთა რაღაც ვიწრო ჯგუფი იყენებს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე ან აპარატის თანამშრომლებზე და მათ გასაგონად ვთქვი, რომ ასეთი რამ არ გამოვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე, დიდი ხანია, ასეთ რამეს შეჩვეული ვარ და ეს ჩემს განწყობებზე თუ პოზიციონირებაზე ვერ იმოქმედებს. ამიტომ ამას აზრი არ აქვს და თვითონ უფრო დაზიანდებიან ამით. საზოგადოებას თავიანთ თავს უფრო აცნობენ ამ ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენით, ვიდრე მე მაკლდება რამე. მე არაფერი არ მაკლდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ის მზად არის ყველასთან საურთიერთოდ, ყველას სახალხო დამცველია და თუ მათ რამე პრობლემა აქვთ, მზად არის, ყველას მოუსმინოს.

აღნიშნული ლევან იოსელიანმა არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ 2017-2018 წლებში, როდესაც პირველი არხის თანამშრომლების მიმართ ძალიან მძიმე ბულინგი მიდიოდა, მათ სახალხო დამცველს მიმართეს, თუმცა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და ამის უფლება საზოგადოებას ჰქონდა, რაზეც იოსელიანმა თქვა, რომ არ იცის, მაშინ რა იყო, თუმცა „სიძულვილის ენა არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება გამოხატვის თავისუფლება“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მის მოადგილეებს წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, არასამთავრობო სექტორთან და მათ პერმანენტულად სთხოვდნენ, წარმოედგინათ ყველა ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო მათთვის ხელის შეშლის ან სავარაუდო დანაშაულზე, თუმცა სახალხო დამცველის აპარატმა უფრო ბევრი ფაქტი დააიდენტიფიცირა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც იმ პერიოდში ამ საკითხებზე მუშაობდნენ.

„ასე რომ, არავის არაფერი არ აქვს სათქმელი, რომ ვინმეს რამე ინფორმაცია ჰქონდა, სახალხო დამცველამდე მოიტანა და ჩვენ ეს მივჩქმალეთ, ან დავმალეთ, ან რეაგირება არ მოვახდინეთ, მაგრამ ბოდიში, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და გამოძიების მაგივრად პასუხებს ვერ გავცემთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მან პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, სადაც ის იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობაზე შეგნებულად ვერ ისაუბრებს, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა.

„ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ როცა ის მოვინახულე და ვესაუბრე, ის ნორმალურად იყო, ჩვეულებრივად მესაუბრა და ყველა საკითხზე, რაც ჩემთვის იყო საინტერესო და მისთვისაც, დიალოგი ნორმალურ პირობებში შედგა. მასთან შევედი საკანში. მათ შორის, საკანიც ვნახე, რა პირობებში უწევს ყოფნა. ანუ, დეტალურად ვნახე ეს ყველაფერი“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის პატიმრობა იყოს გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა და სრულიად შესაძლებელია, ეს იყოს გირაო, თავდებობა ან სხვა ფორმები.

შეკითხვაზე, რა ინფორმაციის მოწოდება შეუძლია აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 40 ადამიანის შესახებ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მათგან 37 ადამიანი მოინახულა და აბსოლუტურად ყველაზე აქვს ინფორმაცია, თუ რა პირობებში არიან და როგორ არიან.

„მაგალითად, დღეს იყო ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადება, რომ მას პრობლემები ჰქონდა საკვებთან დაკავშირებით. ჩემი წარმომადგენლები იყვნენ მისული და ყველა მისი წუხილი, რაც იყო განთავსებასთან დაკავშირებით, გადაცემული იქნა მისი წარმომადგენლის მიმართ. დავუკავშირდით პენიტენციურ დაწესებულებას და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მისი ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, რა ტიპის პრობლემა იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ინფრმაცია გავრცელდა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ამ ადამიანს სხვა წუხილებიც ჰქონდა, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით იყო ის, რომ კონკრეტული საკვები, რომელიც მას უნდოდა, როცა მას უწევდა ამ საკვების მიღება, ეუბნებოდნენ, რომ ის აღარ იყო და ა.შ.

მისივე თქმით, მისი ყურადღების მიღმა არცერთი პატიმრის საქმე არ რჩება.

„ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ვარ ნამყოფი, თან არაერთხელ, უამრავ პატიმარს ვარ შენახვედრი. შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ასობით პატიმარს ვარ შენახვედრი და ძალიან კარგად ვიცი, რომელ დაწესებულებაში რა ხდება, რა პირობებია და როგორი საჭმელია, ესეც შემიძლია, გითხრათ. ყველგან ვიცი, სად როგორ მზადდება და რა მზადდება“, – განაცხადა იოსელიანმა.