ლევან იოსელიანი - შეცდომის გამო, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯმენტი გადადგა, პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია, ამიტომ მათ მიმართ ასეთი განაჩენის გამოტანა სწორი არ არის
ლევან იოსელიანი - შეცდომის გამო, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯმენტი გადადგა, პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია, ამიტომ მათ მიმართ ასეთი განაჩენის გამოტანა სწორი არ არის

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დაშვებული შეცდომის გამო, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯმენტი გადადგა.

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ორგანიზაციას რომელიმე პარტიის მიმართ რაიმე სახის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია და ამიტომ მათ მიმართ ასეთი განაჩენის გამოტანა სწორი არ არის.

მისივე თქმით, „ისფედი“, როგორც ერთ-ერთი სტაჟიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იმსახურებს, რომ ჩართული იყოს სამუშაო ჯგუფში, რადგან ეს ორგანიზაცია ყველაზე დიდი ხანია, რაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს.

„ისფედს“ საქმიანობის ოც წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ხელმძღვანელს რა პოზიცია აქვს, ორგანიზაციის მიმართ მისაღები გადაწყვეტილება აქამდე არ უნდა იყოს დაყვანილი. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ ვერიდები, როცა ნეიტრალიტეტის ზღვარს გადასცდებიან და პოლიტიკურ ელფერს იძენენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნინო დოლიძეს საპროტესტო აქციაზე როგორი განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა, ორგანიზაციაზე ამის გადატანა სწორად არ მიმაჩნია იმ პერსპექტივიდან გამომდინარე, რაც ევროკავშირის მიმართულებით ქვეყანას აქვს. ინკლუზიურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს ორგანიზაცია ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციას სწორედ ნეიტრალიტეტი მოეთხოვება. არ მგონია, რომ „ისფედმა“ აქციაზე ყოფნით ნეიტრალიტეტი დაარღვია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.