ლევან იოსელიანი - სენატში მოსმენილმა განცხადებებმა გამიმყარა შთაბეჭდილება, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად ჩვენს მეგობრებს ადარდებთ ქვეყანაში კრიზისის გადაჭრის პერსპექტივა
ლევან იოსელიანი - სენატში მოსმენილმა განცხადებებმა გამიმყარა შთაბეჭდილება, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად ჩვენს მეგობრებს ადარდებთ ქვეყანაში კრიზისის გადაჭრის პერსპექტივა

სენატში მოსმენილმა განცხადებებმა ის შთაბეჭდილება გამიმყარა, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად, ჩვენს მეგობრებს ადარდებთ საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და გადაჭრის პერსპექტივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სენატში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხაზი ორივე მხარის მიმართ გაესვა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოსმენებიდან „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიბეს და თავიანთი პოზიციების გამყარება დილიდან დაიწყეს. სინამდვილეში, ამ მოსმენის გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში უნდა გაძლიერდეს ინსტიტუციები, პოლიტიზებული არ უნდა იყოს სასამართლო, უნდა იყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტში. ეს გახლდათ მთავარი გზავნილი, რომელსაც ამერიკელი მეგობრები ჩვენგან ელოდებიან. ჩვენგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური. როცა დანიელსონი საქართველოში ჩამოვა, მათ უნდა დავანახოთ, რომ პარტიული ინტერესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის. დღეს უნიკალური შანსი გვაქვს, სასამართლოს რეალური რეფორმა დავიწყოთ, ასევე, პარლამენტში ოპოზიციისთვის ისეთი ინსტრუმენტების გადაცემა მოხდეს, რომელიც ოპოზიციას რეალურად ჩართავს გადაწყვეტილებების მიღებაში. პასუხისმგებლობა აქვს ორივე მხარეს და სენატში ამას ხაზი გაესვა“, – განაცხადა იოსელიანმა.