ლევან იოსელიანი - საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაში არავის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც აშშ-მა გააკეთა, თუ ვინმე არ იმსახურებს საყვედურს, ეს შეერთებული შტატებია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და გაჯანსაღებაში არავის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
„მათზე პრეტენზიების გამოთქმა და თავდასხმები სწორედ იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან. თუ ვინმე არ იმსახურებს ჩვენი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან საყვედურს, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება ადასტურებს, რომ მოსამართლეებს ჯანსაღი კრიტიკის მიუღებლობა აქვთ.
„იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსამართლეებს აბსოლუტური მიუღებლობა აქვთ იმ ჯანსაღი კრიტიკის, რომელიც მათ მიმართ ისმის ხოლმე, მათ შორის პარლამენტიდან, არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი მეგობარი დიპლომატების მხრიდან. უნდა დაფიქრდნენ, ამ კრიტიკის მიზეზი რა არის და არა პირიქით, იქით გადავიდნენ შეტევაზე და ერთმანეთის დაცვა დაიწყონ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.