ლევან იოსელიანი - საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს
ლევან იოსელიანი - საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს

საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ლევან იოსელიანმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა.

მან 2022 წლის 9 ოქტომბერს, გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას და აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი.

ლევან იოსელიანმა ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ საქართველომ უკვე განიცადა რუსეთის აგრესია და რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს გაერო-სა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს.

მისი განცხადებით, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც საკუთარ ტერიტორიებზე უკვე განიცადა რუსეთის აგრესია, შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო გზავნილი არ გაიზიაროს.

ლევან იოსელიანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილს – იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი, ვერაფერი შეაჩერებს.