ლევან იოსელიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ, მთავარია, შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი პატარა პარტიებისთვის
ლევან იოსელიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ, მთავარია, შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი პატარა პარტიებისთვის

ვისურვებდი, რომ ჩვენ დაგვეწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდთან და გაგვერკვია, რა იგულისხმება იმ განცხადების უკან, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პატარა პარტიებისთვის შენარჩუნებული იყოს დაბალი ბარიერი, რომ შემდგომ პარლამენტი დაკომპლექტდეს მრავალპარტიულად.

„ყველა სხვა საკითხი რაც იყო ნახსენები, დათქმის ამოღება და ა.შ. განხილული უნდა იყოს ისეთივე ფორმატში, როცა ჩვენ ოპოზიცია ერთობლივად შევხვდით პირველი მოსმენის წინ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში შევთანხმდით კონკრეტულ ვერსიაზე, რაც გავიდოდა პლენარულ სხდომაზე და ყველამ დავუჭირეთ მხარი. ეს პროცესი არის დასაწყები, რადგან ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადება ბევრმა სხვადასხვაგვარად გაიგო და ამას ყველაფერს სჭირდება შეხვედრა და განმარტება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ. ჩემთვის ყველაზე მთავარია, შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი ახალი, პატარა პარტიებისთვის, რათა არ მივიღოთ ერთპარტიული, უკეთეს შემთხვევაში სამპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ გრძელდება და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე.