ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველზე თავდასხმები მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან შემდეგ ასეთი კონტრშეტევა, ამით არ უნდა იყვნენ დაკავებული ლომჯარია და პოლიტიკური პარტიები
ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველზე თავდასხმები მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან შემდეგ ასეთი კონტრშეტევა, ამით არ უნდა იყვნენ დაკავებული ლომჯარია და პოლიტიკური პარტიები

გამიჭირდება პასუხი გავცე იმას, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს სახალხო დამცველი, რადგან ირაკლი კობახიძეს თავის პარტიაში ლეგიტიმაცია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველზე თავდასხმები მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან შემდეგ ასეთი კონტრშეტევა. იოსელიანის განცხადებით, ამით არ უნდა იყვნენ დაკავებული ლომჯარია და პოლიტიკური პარტიები.

„მიმდინარე პროცესებმა ერთი ცუდი რამ გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში, სახალხო დამცველი თავდასხმის ობიექტი გახდა იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება, იზიარებდეს ნინო ლომჯარიას მოსაზრებებს, ვიღაც – არა. სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმები მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან შემდეგ ასეთი კონტრშეტევა. ეს არ არის ის, რითაც უნდა იყვნენ დაკავებული სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. სახალხო დამცველს თავისი მანდატი აქვს და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს. ამ მანდატის განხორციელების პოლიტიზირება კი სწორად არავის მიმაჩნია. გამიჭირდება პასუხი გავცე იმას, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს სახალხო დამცველი, რადგან ირაკლი კობახიძეს თავის პარტიაში ლეგიტიმაცია აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული კონსილიუმის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული.

„სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის ფეიკდასკვნას თუ მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სცენარი, რისიც გვეშინია, ამას შეიძლება, მათი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს“, – განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.