ლევან იოსელიანი - უამრავი ცვლილებაა, რაც საარჩევნო დღეს ბევრად გამჭვირვალეს გახდის
ლევან იოსელიანი - უამრავი ცვლილებაა, რაც საარჩევნო დღეს ბევრად გამჭვირვალეს გახდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაში ისეთი ცვლილებებია, რომლებიც საარჩევნო დღეს გახდის ბევრად გამჭვირვალეს.

მისივე თქმით,  საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე  შეთანხმება მიღწეულია.

„საარჩევნო რეფორმას დღეს მეორე მოსმენით განვიხილავთ, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მანიპულაციის შესაძლებლობას. ყველაზე მთავარია, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის 10-პროცენტიანი ვალდებულება შემოდის. ასევე ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რის მიხედვითაც დაშვებული იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში. ეს დააზღვევს „კარუსელებს” და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. იქნება ჩანაწერები, რომლებიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას. გარდა ამისა, არის უამრავი სხვა ცვლილება, რაც საარჩევნო დღეს გახდის ბევრად გამჭვირვალეს. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდი რჩება გამოწვევად, რაც დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ზეწოლასთან. ყველა პრინციპულ საკითხზე არის შეთანხმება მიღწეული. შესაძლოა, არის მცირე საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრები არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ იმ შეუთანხმებელ საკითხებზე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრის შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.