ლევან იოსელიანი - სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიას მხარს თუ დავუჭერთ, მაშინ მხარს დავუჭერთ სხვა კომისიასაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ ფაქტებს გამოიძიებს
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიას მხარს თუ დავუჭერთ, მაშინ მხარს დავუჭერთ სხვა კომისიასაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ ფაქტებს გამოიძიებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს.

მისივე თქმით, ეს ლოგიკურია, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან, მათ შორის ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, ლევან იოსელიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ინიციატივას პარტია „მოქალაქეები“ მხარს არ დაუჭერს.

„მოვისმინე პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების განცხადებები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე მოცემულობაა, რომ ამ საგამოძიებო კომისიისთვის საკმარისი ხმები არ გროვდება. ეს ლოგიკურია – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან, მათ შორის ინსპექტორის საკითხზე არ შემოვიდნენ და მხარი არ დაუჭირეს პროტესტს, რომელსაც დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში ახმოვანებდა. ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ინიციატივა და ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა ინიცირებული, ჩავარდა მათი პარლამენტში არ გამოცხადებით. მათ მხარი არ დაუჭირეს.

შეგახსენებთ 5 ივლისის საქმეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც რომ გვერდით გადავდოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მიმაჩნია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგი. როდესაც საუბარია თუნდაც შესაძლო ვინმეს წამებაზე, მაშინ აქვე უნდა ვისაუბროთ სხვა ფაქტებზე. უამრავი გამოუძიებელი ფაქტი არსებობს ადამიანების წამების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ასეთი ორმაგი სტანდარტებით ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ. თუ დავუჭერთ ამის შექმნას მხარს, მაშინ დავუჭერთ მხარს სხვა საგამოძიებო კომისიასაც, რომელიც გამოიძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ჩადენილ ფაქტებს და გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს. უამრავი ფაქტია გამოუძიებელი და უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიძია მათი საქმე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.