ლევან იოსელიანი - როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს თავიანთ პარტიებში იმედი არ აქვთ, რომ „ოცნების“ კანდიდატს ვიღაც მხარს არ დაუჭერს
ლევან იოსელიანი - როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს თავიანთ პარტიებში იმედი არ აქვთ, რომ „ოცნების“ კანდიდატს ვიღაც მხარს არ დაუჭერს

„ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს და თუ მათ თავისი კანდიდატი ეყოლებათ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ 19-შიც ჰყავდეს, მაგრამ ვინც მათ კანდიდატს მხარს დაუჭერს, ეს გამოჩნდება. მათ რომ საკმარისი ხმები ჰქონდეთ, მაშინ კრიტიკას მივიღებდი და 19-ვე კანდიდატს არ დავასახელებდი, მაგრამ ახლა არ აქვთ და ვიღაცამ ოპოზიციიდან უნდა შეუვსოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატს საშუალება ექნება, თავისი აზრი გამოხატოს და პარლამენტის წევრები დაარწმუნოს, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ეს არის ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი, რაც კი შეიძლება პარლამენტში შედგეს. ჩემი კოლეგების კრიტიკის საპასუხოდ შემიძლია, მათ ვუთხრა – როგორც ჩანს, მათ საკუთარ პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიღაცა მხარს არ დაუჭერს, თორემ, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, წინააღმდეგი იყო, რომ ყველას შანსი მიეცეს, თანაბარ პირობებში თავისი ხედვები წარუდგინოს პარლამენტს. ჩვენ არავის მიმართ მხარდაჭერა არ გამოგვიხატავს. ყველას მივეცით საშუალება, საზოგადოებასა და პარლამენტს ელაპარაკონ. ამის კრიტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ამ პარტიებს საკუთარი დეპუტატების იმედი არ აქვთ, თორე, ჩემთვის გაუგებარია კრიტიკა. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს და თუ მათ თავისი კანდიდატი ეყოლებათ და არ გამოვრიცხავ, რომ ამ 19-შიც ჰყავდეს, მაგრამ ვინც მათ კანდიდატს მხარს დაუჭერს, ეს გამოჩნდება. მათ რომ საკმარისი ხმები ჰქონდეთ, მაშინ კრიტიკას მივიღებდი და 19-ვე კანდიდატს არ დავასახელებდი, მაგრამ ახლა არ აქვთ და ვიღაცამ ოპოზიციიდან უნდა შეუვსოს. აქედან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია, „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ჰყავდეს. ჰყავდეს, მერე – თუ ვერ გაიყვანს? ჰყავდეს და თუ უნდა, 19-ვე მისი იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც​​.