ლევან იოსელიანი - ჩვენი და „ქართული ოცნების“ პოზიციები რაღაც ნაწილში ემთხვევა, თუმცა რჩება შეუთანხმებელი თემები, ძალიან პრინციპულად ვსვამთ პოლიტპატიმრების საკითხს
ლევან იოსელიანი - ჩვენი და „ქართული ოცნების“ პოზიციები რაღაც ნაწილში ემთხვევა, თუმცა რჩება შეუთანხმებელი თემები, ძალიან პრინციპულად ვსვამთ პოლიტპატიმრების საკითხს

რაღაც ნაწილში ჩვენი და „ქართული ოცნების“ პოზიციები ემთხვევა, თუმცა რჩება შეუთანხმებელი საკითხები, ძალიან პრინციპულად ვსვამთ პოლიტპატიმრების საკითხს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრები გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.

„დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შეხვედრები გაგრძელდება, რადგან რაღაც ნაწილში ჩვენი პოზიციები ემთხვევა. რჩება შეუთანხმებელი საკითხები, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის რაღაც დეტალები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია და ამაზე შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. ასევე, ჩვენ ძალიან პრინციპულად ვსვამთ პოლიტპატიმრების საკითხს დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ცნობილია, ვინ არიან ეს ადამიანები, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ამ სამი ადამიანის ვინაობა“, – განაცხადა იოსელიანმა

კითხვაზე, როგორ გაგრძელდება პარტია „მოქალაქეების“ ურთიერთობა დანარჩენ ოპოზიციასთან, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ მათ დაამთავრეს ოპოზიციასთან კინკლაობაც და შეხვედრებიც.

„არ ვიცი, ჩვენ ოპოზიციასთან დავასრულეთ კინკლაობაც, შეხვედრაც იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ამის სურვილი. ჩვენ ვერ შევძელით, ისინი დაგვერწმუნებინა ჩვენი პოზიციის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას არა აქვს ალტერნატივა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად.

თუ ჩვენ არ მოვაწერთ შეთნხმებას ხელს, შემოსვლა გამორიცხულია. მარტო საარჩევნო სისტემა ვერ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ. იმედი გვაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი პროცესი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თვითმმართველობის არჩევნების, როგორც ერთგვარი პლებისციტის საკითხსაც და აღნიშნა, რომ აქ მათი პოზიციები ერთმანეთს დაშორებულია.