ლევან იოსელიანი - პარლამენტში გამოსვლის დროსაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ პრეზიდენტს განსხვავებული მიდგომები ექნება
ლევან იოსელიანი - პარლამენტში გამოსვლის დროსაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ პრეზიდენტს განსხვავებული მიდგომები ექნება

პრეზიდენტი ალბათ ფიქრობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას, რადგან საკითხით დაინტერესდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს, რადგან ჩემ გარდა სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა და ყველას აზრი მოისმინა. ალბათ, ვეტოზე ფიქრობს, რადგან ამ საკითხით დაინტერესდა.

პარლამენტს ტექნიკურად ვეტოს დაძლევა შეუძლია. ამისთვის 76 ხმაა საჭირო, თუმცა ამას თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება.

როდესაც ამერიკის საელჩო გეუბნება, რომ ცვლილებები არ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც დღეს შეთანხმების საფუძველზე უნდა არსებობდეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ პრეზიდენტიც გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ეს ყველაფერი ცალსახა გზავნილი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომ უნდა გადახედოს იმ ცვლილებებს, რასაც მხარი დაუჭირა და დაჩქარებული წესით შემოიტანა. თუ არ გადახედავს, გაჯიუტება მათ არ გაუჭირდებათ, ამის დიდოსტატები არიან. საზოგადოებრივი აზრი, საელჩოები, პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოც თუ იქნება ამ ყველაფერთან ერთად გამოყენებული, მათ მოუწევთ უკან დახევა და გადახედვა იმ ცვლილებების, რომელიც უკვე შეიტანეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება და იმ გზას დაადგება, სადაც ის საბოლოო ჯამში დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს.

„პრეზიდენტის გამოსვლა როდესაც იყო პარლამენტში, მაშინვე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტს ექნება განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. მან პირველი განსხვავებული შეხედულება გამოავლინა იმით, რომ დაიწყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების რევიზია. რევიზია იმ თვალსაზრისით, რომ დაიბარა პოლიტიკოსები და შეეკითხა ოპოზიციას, რამდენად სწორად მიაჩნიათ ეს გადაწყვეტილება. მგონია, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება და იმ გზას დაადგება, სადაც ის საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს. ეს გზა მარგველაშვილის გზას ჰგავს თუ არა, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და სადამდეც მივიდა, ვნახეთ. ვერ გეტყვით, სადამდე მივა სალომე ზურაბიშვილი. ვეტოებით ვინც იწყებს, სადამდეც მიდის, ვიცით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი