ლევან იოსელიანი - ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ახსნან, რაში გამოიხატება დანიელსონის დოკუმენტის სიკოჭლე, მე ვფიქრობ, პირიქით, ორ ფეხზე მყარად მდგარი დოკუმენტია
ლევან იოსელიანი - ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ახსნან, რაში გამოიხატება დანიელსონის დოკუმენტის სიკოჭლე, მე ვფიქრობ, პირიქით, ორ ფეხზე მყარად მდგარი დოკუმენტია

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს „კოჭლს“ უწოდებენ, უნდა ახსნან, რატომ ფიქრობენ ასე.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ პირიქით – გამართული დოკუმენტია, სადაც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე.

„არ ვიცი, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი რატომ არის კოჭლი. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ახსნან, სიკოჭლე რაში გამოიხატება. დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნები არ არის მოხსენიებული. თუ ეს არის კოჭლობის მანიშნებელი, ამაში არ დავეთანხმებოდი. ვფიქრობ, რომ პირიქით – ორ ფეხზე მყარად მდგარი და გამართული დოკუმენტია, სადაც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე. ჩემთვის ეს ყველაფერი სიკოჭლის მანიშნებელი არ არის, პირიქით – სიმყარის მანიშნებელია. ვინც კოჭლს უწოდებს, უნდა დაასაბუთოს, კოჭლი რატომ არის. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს არ გამოაჩნდათ პასუხისმგებლობა, თავიანთი პოლიტიკური ინტერესების წინ დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესი. ამაზე სამართლიანი პასუხი იყო მოკავშირეებისგან. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შედეგად შეიძლება ისევ ხალხი დაზარალდეს. ამაზე ვინც ჯიუტობს, კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან შემდეგ არჩევნებზე, რადგან ხალხს ანგარიშს არ უწევენ და ხალხის ინტერესია, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და მათ წუხილებსა და პრობლემებზე მოხდეს კონცეტრაცია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.