ლევან იოსელიანი – ოპოზიციასთან წყალგამყოფი გახდა ის ნაწილი, სადაც თქვეს, რომ გაზაფხულზე აქციების და მღელვარების იმედად ყოფნას აპირებდნენ
„მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, მისი პარტიისთვის დანარჩენ ოპოზიციასთან წყალგამყოფი ის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია გაზაფხულზე აქციებისა და ხალხის მღელვარების იმედზე ყოფნას აპირებდა.
იოსელიანის თქმით, სწორედ ამის გამო დაიმსახურა კრიტიკა პარტია „მოქალაქეებმა“.
„ჩვენ პარლამენტში იმიტომ შემოვედით, რომ წყალგამყოფი გახდა ის ნაწილი, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ გაზაფხულზე აქციების ორგანიზებას და ასეთი სახის მღელვარების იმედად ყოფნას ვაპირებთო. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც ვთქვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა და ეს რეფორმა პარლამენტში შემოვიტანეთ. ამის გამო დავიმსახურეთ დიდი კრიტიკა, დაუმსახურებელი ტალახი, მაგრამ რისიც გვჯერა, იმას ვაკეთებთ და ყველაფერში ვართ დამოუკიდებლები, მათ შორის დამოუკიდებლები ოპოზიციის გავლენისგან და არა მხოლოდ ხელისუფლების“, – განაცხადა იოსელიანმა.