ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ მოლაპარაკების შედეგად კარგ შეთანხმებას, რომელიც იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა
ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ მოლაპარაკების შედეგად კარგ შეთანხმებას, რომელიც იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა

ჩვენი პარტია მთელი ეს პერიოდი არის შეთანხმების სადარაჯოზე, ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ ოპოზიციაში, რომ მივაღწიოთ მოლაპარაკების შედეგად კარგ შეთანხმებას, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება გამოსავალი და იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება ნებისმიერ სხვა სცენარს, სადაც არის არეულობა, მღელვარება, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია კარგ გამოსავლად. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი არის მისაღები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი ამ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ფაქტობრივად კედელთან მიყენებული, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შედგა ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ძალიან კარგი მომენტით და შევძლოთ, გამოვიტანოთ ისეთი შეთანხმება, რაც ქვეყანას ინსტიტუციურად წაიყვანს ძალიან წინ. ანუ შევძლოთ ისეთი არჩევნების წამოღება, რომლის მიმართაც არ იქნება ამდენი კითხვის ნიშანი, შევძლოთ ისეთი დაბალანსებული ბარიერების წამოღება, ვგულისხმობ საპარლამენტო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ პოლიტიკურ ლიდერებს გაუხსნის გზას პოლიტიკისკენ. რაღაცნაირად დაიწყება ახალი პოლიტიკური ლიდერების ჩანაცვლება ამ ძველი პოლიტიკური სისტემის და ძველი პოლიტიკური თაობის, რომელმაც საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ის მოლოდინი ვერ გაამართლა ამ არჩევნებზე, რომელიც ჰქონდა ხალხს მათ მიმართ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.