ლევან იოსელიანი - ოპოზიციას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმ ნაწილშიც, რომ ითვალისწინებდნენ ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას, ყველა საკითხზე ერთობლივად იმუშაონ
ლევან იოსელიანი - ოპოზიციას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმ ნაწილშიც, რომ ითვალისწინებდნენ ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას, ყველა საკითხზე ერთობლივად იმუშაონ

არ მომწონს, როდესაც მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა, არაფერს აზრი არ აქვს, ასეთი ნიჰილიზმი კიდევ უფრო მეტ ადამიანს უცრუებს იმედს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი ინკლუზიურად უნდა წარიმართოს.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი. ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და ვისაც მე ვხვდები, მათ შორის საზღვარგარეთ, ყველა ცალსახად გვეუბნება, რომ პროცესში ყველა ჩართული უნდა იყოს და პროცესი ინკლუზიურად უნდა წარიმართოს. არავინ იცის, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. არ იცის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია და რა რეკომენდაციებს წარუდგენს ევროპულ საბჭოს, რომელიც თავის მხრივ 27 ქვეყანას მიაწვდის მოსაზრებებს და მათი გადაწყვეტილება რა იქნება, შეუძლებელია, ვინმემ წინასწარ იცოდეს. სულ მცირე იმიტომ, რომ 27 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და არა ცალკეული პოლიტიკოსების, როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული პროცესის მიმართ. მე არ მომწონს ნიჰილიზმის დათესვა, მე არ მომწონს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა და არაფერს აზრი არ აქვს. ასეთი ნიჰილიზმი საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტ ადამიანს უცრუებს იმედს, შემდეგ სხვაგან ეძებს თავშესაფარს და ქვეყანას ტოვებს. ოპოზიციას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმ ნაწილშიც, რომ ითვალისწინებდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას, რომ ყველა საკითხზე ერთობლივად იმუშაონ და ქვეყანაში ნიჰილიზმს და უბედურებას არ თესავდნენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს.