ლევან იოსელიანი – ნებისმიერი კომენტარი და პოზიცია, რომელიც არის მეგობარი ქვეყნების საწინააღმდეგოდ მიმართული, აბსოლუტურად მიუღებელია
ნებისმიერი კომენტარი და პოზიცია, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების საწინააღმდეგოდ მიმართული ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ჩვენი პარტიისთვის მიუღებელია რაიმე ფორმით პარტიებზე თავდასხმა, იმ ქვეყნების პოზიციაზე, რომელსაც წარმოადგენენ ეს ელჩები და მათ ძალისხმევაზე დგას დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი. ამიტომ ნებისმიერი კომენტარი და პოზიცია, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების საწინააღმდეგოდ მიმართული, ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანმა გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების საკითხზეც ისაუბრა.
„ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მათი შიდაპარტიული ამბავია. ის, რომ არსებობს ოპოზიციაში განსხვავებული აზრები, ამას ადასტურებს კიდევ ერთხელ და ამაზე ამდენი ხანი ვსაუბრობთ, რომ სხვადასხვა პარტიებში სხვადასხვა ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, რითაც ოპოზიცია მოქმედება დღეს. ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დღეს ფეისბუქპოსტით გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიაში ყველა თანამდებობას.