ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არაფერში არ ჯდება, გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არაფერში არ ჯდება, გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი, ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ ამ გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ის ადგილი დაბომბეს ლვოვში, სადაც ჩვენმა მატარებელმა გაიარა გუშინ. ასეთ ვითარებაში ჩასვლა და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა ყველას მხრიდან და ჩემი კოლეგების, უკლებლივ ყველას გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ დელეგაციაში და მხარდაჭერა ეჩვენებინათ უკრაინისთვის, ნამდვილად დასაფასებელია.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავედით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი, ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ ამ გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება შეუძლებელი იყო. წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ შემობრუნების წერტილი გაჩნდა და ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არაფერში არ ჯდება.

„ერთიან ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საკუთარი თავი ყველას მიღმა დააყენეს და ქვეყნის ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე ყველაზე რადიკალ ძალებსა და მხარდამჭერებს ასიამოვნეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ეს რადიკალიზმი მათთვის რამდენად ძვირფასი „მონაპოვარია“ და რამხელა პოლიტიკურ ეგოზე დგას მათი ეს „შეუპოვრობა“, – წერს ლევან იოსელიანი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, როგორც შეგვიძლია. ესაა დღეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და არა საკუთარ პარტიებზე ფიქრი“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.