ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ არ დაიწიოს საარჩევნო ბარიერმა, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის ის რჩება უალტერნატივო ძალად
ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ არ დაიწიოს საარჩევნო ბარიერმა, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის ის რჩება უალტერნატივო ძალად

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ არ დაიწიოს ხუთპროცენტიანმა საარჩევნო ბარიერმა, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის ის რჩება უალტერნატივო ძალად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მის გავლენას ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც სხვა ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს და ვერ მოხდეს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევა, რადგან ამ შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება უალტერნატივო ძალად. სხვა ოპოზიციური პარტიების მიკვირს, ვინც ამას არ თუ ვერ იაზრებენ და უფრო თამამ ნაბიჯებს არ დგამენ პარლამენტში შემოსასვლელად. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, აქ არის მისი პარტია, რომელსაც ლიდერები ჰყავს და შეუძლიათ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და  სამწუხაროდ, ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.