ლევან იოსელიანი - მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ვაპირებ, სასამართლოს წარვუდგინო ჩემი აზრი, სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, მაგრამ არ ვამართლებ პოლიციელისთვის დარტყმას, არც თავდასხმას
ლევან იოსელიანი - მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ვაპირებ, სასამართლოს წარვუდგინო ჩემი აზრი, სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, მაგრამ არ ვამართლებ პოლიციელისთვის დარტყმას, არც თავდასხმას

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აპარატი მოამზადებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რითიც მიმართავს სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

იოსელიანის თქმით, სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში და მიაჩნია, რომ უფრო გონივრული იქნება არა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, არამედ მისი ალტერნატივა.

ამავდროულად, ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ არ ამართლებს პოლიციელისთვის არც დარტყმას, არც მასზე თავდასხმას.

„მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რითიც მას შეეფარდა პატიმრობა, რათა როგორც ინსტიტუციამ, მოვამზადოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომლითაც უკვე სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ. ვაპირებ, მივმართო და ჩემი აზრი წარვუდგინო იმასთან დაკავშირებით, პატიმრობის ალტერნატივა რატომ შეიძლება იყოს უფრო გონივრული, ვიდრე ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამ დღეებში მოხდება ეს ყველაფერი. მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ სასამართლო უფრო ლმობიერი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ჯერ ქალს ეხება, შემდეგ ეხება საჯაროდ ცნობილ ჟურნალისტს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელისთვის არც დარტყმას, არც თავდასხმას, ეს მეორე საკითხია. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს იმაზე, რომ შეუძლებელია, ვერ გავამართლებ ვერავის მიმართ ვერც ხელის ჩარტყმას და ვერც სილის გაწვნას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მოდით, ვისაუბროთ პატიმრობაზე, იყო თუ არა აუცილებელი. პატიმრობა არის ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე, რომლის გამოყენების აუცილებლობა თუ არ არსებობს, სასამართლო მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. ჩემი აზრით, ყველა წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო საქმეში იმისთვის, რომ ამ ადამიანის მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო. ზოგადად, სასამართლო ასეთ შემთხვევაში სხვების მიმართაც უფრო რბილ გადაწყვეტილებას თუ გამოიტანს და ნაკლებად მძიმე იქნება აღკვეთის ღონისძიებები, ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ მუხლი, რომლითაც ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი, არის არაპროპორციულად მკაცრი იმ ქმედების მიმართ, რასაც ის აცხადებს დასჯადად.

„მუხლზეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, მუხლი, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი, არის არაპროპორციულად მძიმე იმ ქმედების მიმართ, რასაც ის აცხადებს დასჯადად. ანალოგიური სასჯელი 4-დან 7 წლამდე არის ისეთ მძიმე მუხლებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, პირადი ცხოვრების გასაჯაროება და ასე შემდეგ. ძალიან მძიმე დანაშაულის კვალდაკვალ მიდის ეს დანაშაულიც და ესეც ის ნაწილია, სადაც ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გადახედოს ამ მუხლის სიმკაცრის ხარისხს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი რა ინფორმაციებსაც ავრცელებს, არის გადამოწმებული და ობიექტური, რასაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი, მოსწონს ეს თუ არა.

„მაქსიმალურად ვცდილობ, არცერთ ადამიანს, არცერთ მხარეს არ დავუკარგო თავისი სიმართლე და ასეთ პირობებში, როგორც წესი, ორივე მხარე არის უკმაყოფილო, რადგან იმასაც ვამბობ და იმასაც ვამბობ, სხვანაირად არ გამოვა. ვიღაცა დანაშაულს ჩაიდენს, ვიღაცა პოლიციელსაც რაღაცას ესვრის, ამასაც რომ ვამბობ, ბევრისთვის ეს არის პრობლემა, ეს არ უნდა თქვა, ამ სტუდიაში ამაზე არავინ ლაპარაკობს, სამწუხაროდ. მე ვლაპარაკობ ამას. მადლობელი ვარ, რომ მაძლევთ საშუალებას, ვილაპარაკო. არ არის შავ-თეთრად ყველაფერი, არ არის ვიღაცა ასი პროცენტით მართალი და ვიღაც ასი პროცენტით მტყუანი, არ არის მოწყობილი სამყარო ასე.

რომ ვცდილობ, ვისაუბრო ერთი მხრიდანაც, ამავე დროს, არ დავივიწყო, რომ მეორე მხარესაც არის რაღაც სიმართლე, ეს არის ხშირად პრობლემა. ჩემი მანდატი სხვა რამის გაკეთების უფლებას არ მაძლევს. ვიდრე მე ვიქნები სახალხო დამცველი, ასე ვილაპარაკებ, ვიღაცას ეს მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ ვის მოსწონს, იცით? ჩვენს პარტნიორებს, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ ობიექტური სურათი. ის ადამიანებიც ხვდებიან, რომ ერთ მხარეს არ არსებობს სიმართლე. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვავრცელებთ, არის გადამოწმებული და ობიექტური. ამას, მინდა, ყველამ გაუსწოროს თვალი. ნურავინ მომთხოვს ვინმეს სასარგებლოდ საუბარს. ეს სიმართლე ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.