ლევან იოსელიანი - მთელი ქვეყნის მიერაა გასაკეთებელი საქმე, რათა ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი პასუხგაცემული იყოს იმგვარად, რომ კანდიდატის სტატუსზე წინ წავიწიოთ
ლევან იოსელიანი - მთელი ქვეყნის მიერაა გასაკეთებელი საქმე, რათა ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი პასუხგაცემული იყოს იმგვარად, რომ კანდიდატის სტატუსზე წინ წავიწიოთ

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მხოლოდ ფორმალობა არ არის და მასში უნდა აისახოს საქართველოს დემოკრატიული მიღწევები.

ამასთან, იოსელიანის თქმით, კითხვართან დაკავშირებით სამუშაო არ არის მხოლოდ ხელისუფლების განსახორციელებელი და ამ პროცესში უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია.

„კითხვარი მარტო ფორმალობა არ არის. კითხვარში უნდა აისახოს საქართველოს დემოკრატიული მიღწევები, მიღწევები სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მიღწევები პლურალიზმის გაუმჯობესებისა და არჩევნების ჩატარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს თუ არ მოხვდება ამ კითხვარში, მაშინ ამ კითხვარს შეიძლება, არ მოჰყვეს ის შედეგი, რასაც ყველანი ველოდებით. თუმცა თვითონ ფაქტი, რომ კითხვარი გამოიგზავნა, გადმოგვეცა და ამ კითხვარზე ძალიან სკულპლუოზური და პასუხისმგებლიანი მუშაობაა გასაწევი. აქ ვერ იქნება მარტო, ექსკლუზიურად ხელისუფლების საქმე. აქ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია. მთელი ქვეყნის გასაკეთებელია საქმე, რომ კითხვარი იყოს პასუხგაცემული იმდაგვარად, რომ კანდიდატის სტატუსზე ჩვენ უფრო წინ წავიწიოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.