ლევან იოსელიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარვუდგინოთ
ლევან იოსელიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარვუდგინოთ

„მოქალაქეები“ პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს წარუდგენენ, რის შემდეგაც მათი მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გვქონდა გასაუბრება. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ მათი კანდიდატურები წარვადგინოთ და საშუალება მიეცეთ, საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა. წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. არ ვაპირებ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად, იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით პროცესს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

„ყველას მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომის საშუალება. დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა იოსელიანმა.