ლევან იოსელიანი - მივესალმებით, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა
ლევან იოსელიანი - მივესალმებით, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა

კარგი პროცესია, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი. ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად კრიტიკულები იქნებიან და რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს ყველაფერი საინტერესოა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის რიგ საკითხებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა მოუწევს.

„პროცესი, რომელიც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება. ეს არის ლოგიკური, რადგან ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესებისა და გადაწყვეტილებების მონაწილე, რაც აქამდე გახარიას მეთაურობით იქნა მიღებული, ამიტომ მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.