ლევან იოსელიანი - სააკაშვილს უნდა ჰქონოდა უფლება, სასამართლო პროცესს დასწრებოდა
ლევან იოსელიანი - სააკაშვილს უნდა ჰქონოდა უფლება, სასამართლო პროცესს დასწრებოდა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის არდასწრებით მისი, როგორც პატიმრის, უფლება დაირღვა.

იოსელიანის თქმით, სააკაშვილს უნდა ჰქონოდა უფლება, რომ სასამართლო პროცესს დასწრებოდა.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ შემთხვევას, როცა მსჯავრდებული შეიძლება, სხდომას არ ესწრებოდეს – ეს არის ის ვითარება, როცა თავად ამბობს უარს სხდომაზე დასწრებაზე, ან სასამართლოს მიერ არის გაძევებული. არც ერთ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. სააკაშვილმა დისტანციურ სხდომაზე უარი განაცხადა და ყველა პირობა არსებობდა, რომ სხდომაზე უნდა ყოფილიყო. სახელმწიფოს უნდა უზრუნველყო როგორც მისი სხდომაზე დასწრება, ასევე მისი დაცვა მხარდამჭერების აქციისგან.

საპირისპირო რომ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც მსჯავრდებულის უფლება დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სხდომაზე არსებითად არ განიხილებოდა მისი არც ერთი საქმე, განიხილებოდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, რაც ფორმალური ხასიათის იყო”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, 7 ნოემბრის საქმეზე გუშინდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეყვანა სააკაშვილი სასამართლოში.