ლევან იოსელიანი - იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა ჰყვება, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე, გამართლება არ აქვს
ლევან იოსელიანი - იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა ჰყვება, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე, გამართლება არ აქვს

იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს.

„იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთებში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისგან, ორის გარდა, ფაქტობრივად ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია. ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში, ამ შუალედში მათზე ხდებოდა ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება. ძირითადად სახის არეში აქვთ დაზიანებები. ვნახე ადამიანი, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით. ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა არის სიმხეცე. ამას გამართლება არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ დაკავების დროს უფლებამოსილებას არ გადაამეტონ, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ასეთი საქმეები გამოიძიონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რა ჩაიდინა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვას სამართალდამცველმა. გასაგებია, შეიძლება, ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მიუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა. ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით ახლა, რომ შევედი.

მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები. ოქმები შედგა და გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი, გაცილებით მეტი წინა აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა არის, რომ ასეთ შემთხვევებს აღარ ჰქონდეს ადგილი.

აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან უკვე დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. ბუნებრივია, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების განმეორების ალბათობა მეტია. ეს ტენდენციაა ჩემი არჩევის დღიდან, დაემთხვა მარტის აქციები, მახსოვს, მაშინ უამრავი ადამიანი იყო დაკავებული, მაშინაც იყვნენ, ვინც ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებდნენ, მაგრამ ის იყო უმცირესობა. ახლა არის უმრავლესობა. ეს არის განსხვავება ამ შემთხვევაში. სახის არეში იყო ძირითადად დაზიანებები მაშინაც, ახლაც სახის არეშია. ყოველ შემთხვევაში, სიმრავლე მიუთითებს ამ ტენდენციაზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.