ლევან იოსელიანი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა
ლევან იოსელიანი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს, ხაზი გაუსვეს სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, პროკურორების სპეციალიზაციას და სხვა საკითხებს. სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და მის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს, ერთი მხრივ, დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია.