ლევან იოსელიანი - ევროპარლამენტარებმა ხან მოფერებით, დაყვავებით, ხან მკაცრად თქვეს, რომ პარლამენტში თუ ხარ, უნდა იმუშაო ამ შენობაში, სამუშაო ჯგუფში და ყველგან უნდა იყო
ლევან იოსელიანი - ევროპარლამენტარებმა ხან მოფერებით, დაყვავებით, ხან მკაცრად თქვეს, რომ პარლამენტში თუ ხარ, უნდა იმუშაო ამ შენობაში, სამუშაო ჯგუფში და ყველგან უნდა იყო

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ერთად პარლამენტში, მათ შორის მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში.

იოსელიანის თქმით, შეხვედრაზე ევროპარლამენტარებისგან ასევე ცალსახად ითქვა, რომ როცა მოქალაქეებისგან დეპუტატის მანდატს იღებ, უნდა იყო პარლამენტში.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულადაც ვგრძნობ ხოლმე უკვე თავს ამ შეხვედრაზე, რადგან ეს ადამიანები ჩამოდიან და ამდენი ხანია, ერთსა და იმავეს გვიმეორებენ. გვიმეორებენ, რომ უნდა დავიწყოთ, ვიმუშაოთ ერთად. მე არ მიმეორებენ, მაგრამ იმეორებენ იმათ გასაგონად, ვინც უარს ამბობს ამ ყველაფერზე, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე და ასე შემდეგ. დღეს მათ შორის გაიხსენეს პარლამენტში შემოსვლის ამბები და თქვეს, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ოპოზიცია ასე ნაწილ-ნაწილ შემოვიდა პარლამენტში და ოპოზიცია არ იყო ერთიანი. როდესაც მოქალაქეების მანდატი გაქვს, უნდა იყო პარლამენტში, ეს ცალსახად ითქვა. არ ვიცი, ხან მოფერებით თქვეს, ხან დაყვავებით, ხან მკაცრად, მაგრამ აქვთ ერთი აზრი, რომ თუ ხართ პარლამენტში და გაქვთ დეპუტატის მანდატი, უნდა იმუშაოთ ამ შენობაში, აქ უნდა იმუშაო, სამუშაო ჯგუფში და ყველგან უნდა იყო. და თუ არ გინდა აქ მუშაობა, მაშინ არ ვიცი, სახლში ყველას შეუძლია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.