ლევან იოსელიანი - ერთი კვირაა, ჩვენკენ ტალახის სროლა არ წყდება, თურმე როგორ გავბედეთ გვეთქვა, რომ ზოგიერთებს მოლაპარაკების ჩაშლა სურთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა შეთანხმების გადარჩენაა
ლევან იოსელიანი - ერთი კვირაა, ჩვენკენ ტალახის სროლა არ წყდება, თურმე როგორ გავბედეთ გვეთქვა, რომ ზოგიერთებს მოლაპარაკების ჩაშლა სურთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა შეთანხმების გადარჩენაა

ერთი კვირაა, ჩვენკენ ტალახის სროლა არ წყდება, თურმე როგორ გავბედეთ გვეთქვა, რომ ზოგიერთებს მოლაპარაკების ჩაშლა სურთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა შეთანხმების გადარჩენაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ, ჩვენ – პარტია „მოქალაქეები“, ერთადერთ გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ იმ პირობებზე, რაც ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ. ყველა სხვა სცენარი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, რასაც ემატება ეკონომიკური კრიზისი, ჯანდაცვაში დამატებული ამხელა პრობლემები. აუცილებელია, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მოლაპარაკების გზით და ოპოზიციამ საუკეთესო შეთანხმების გამოტანა შეძლოს. ამისთვის ვიბრძვით. ამიტომ არის, რომ ერთი კვირაა, არ წყდება ჩვენზე ტალახის სროლა და ბულინგი. თურმე როგორ გავბედეთ და ვთქვით, რომ არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკების ჩაშლა სურს, მაგრამ ამ პროცესში ჩვენი ამოცანაა, რამენაირად გადავარჩინოთ შეთანხმება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს, იოსელიანის თქმით, პარტია „მოქალაქეების“ და მთელი ოპოზიციის სათქმელი უკვე წარდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაშია ნათქვამი.

„მეხუთე რაუნდზე ჩვენი პარტიის და მთლიანად ოპოზიციის სათქმელი დევს იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაში, რომელიც მივიტანეთ. ამაზე მეტი სათქმელი არ გვაქვს. ველოდებით კონკრეტულ შეთავაზებას. ნებისმიერი სხვა გამოსავალი იქნება ქვეყნის უკან წაყვანა და მე არ მინდა უფრო მეტი დაპირისპირება ამ ქვეყანაში.

მოლაპარაკებებს მომავალი ნამდვილად აქვს. ვადამდელ არჩევნებზეც შესაძლებელია მიღწეული იყოს რაიმე ტიპის შეთანხმება, ასეთი განცდა მაქვს მე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, იქ კიდევ უფრო მარტივია პოზიციების დაახლოება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი