ლევან იოსელიანი - ძალიან დასაფასებელია, რასაც შარლ მიშელი აკეთებს, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მხარეებს შორის მედიატორი იყოს და კომპრომისს მიაღწიოს
ლევან იოსელიანი - ძალიან დასაფასებელია, რასაც შარლ მიშელი აკეთებს, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მხარეებს შორის მედიატორი იყოს და კომპრომისს მიაღწიოს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ნამდვილად ძალიან დასაფასებელია ის, რასაც აკეთებს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საბოლოო ჯამში მხარეებს შორის მედიატორი იყოს და კომპრომისს მიაღწიოს. საუბარი იყო იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების გზით დამთავრდეს, რადგან ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ასეთ პოლარიზებულ გარემოში, ასეთ სიტუაციაში, როდესაც პრაქტიკულად ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტს გარეთაა, ქვეყნის ინტერესები მნიშვნელოვანწილად ზარალდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე ძალიან ვაფასებ მის მცდელობას, რომ დღეს რაღაცნაირად მიიყვანოს მხარეები, მაგიდასთან დასვას და შეთანხმებას მიაღწიონ. ეს მისი პერსონალური, ძალიან გაბედული გადაწყვეტილებაა და იმედია, ამ ყველაფერს ძალიან კარგი შედეგი მოჰყვება“, – განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება პლებისციტს, ლევან იოსელიანის თქმით, ის ამ საკითხს მხარს არ უჭერს.

„პლებისციტთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური დამოკიდებულება თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი იყო. მე პლებისციტის მომხრე არ ვიყავი, თუმცა მხარეებზეა დამოკიდებული, რაზე მოილაპარაკებენ. მოლაპარაკებები როგორ გაგრძელდება, არ ვიცი. ის ორივე მხარეს შეხვდება და იმედია, საბოლოოდ ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება“, – დასძინა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ყველა მხარეს იწვევს შეხვედრაზე, რადგან ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის და პოლიტიკური დიალოგის დროა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.