ლევან იოსელიანი - ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა
ლევან იოსელიანი - ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა

ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმით საქართველოში შესაძლებელი გახდება არჩევნების გაყალბების მანკიერი პრაქტიკის დასრულება და არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდება.

„ეს არის ფუნდამენტური რეფორმა საარჩევნო სისტემის. ანუ, სულ სხვაგვარად რომ ჩატარდეს არჩევნები საქართველოში. ჩატარდეს, გამჭვირვალედ, გასაგებად, შეუძლებელი იყოს – მანიპულირება, „კარუსელების“ ჩატარება, მკვდარი სულების გამოყენება, დაუბალანსებელი ოქმების საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ამოვარდეს, ბიულეტენების მთვლელი მანქანებით უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება. ეს იმდენად გასაგებს გახდის არჩევნებს, რომ კითხვა აღარ უნდა დაისვას, გაყალბდა თუ არჩევნები. იგულისხმება, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, განსხვავებული იქნება ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, სადაც არასამთავრობოების როლი იქნება ძირითადად განმსაზღვრელი. ამ რეფორმის ფარგლებში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ახალი წესით მოხდება.

ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა. ეს საქმე დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანთ. ყველას დავანახებთ, რომ საქართველოში შესაძლებელია ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების გაყალბების მანკიერი პრაქტიკა დასრულდეს და არჩევნები ნორმალურ გარემოში ისე ჩატარდეს, რომ არჩევნებზე კითხვები აღარ იყოს.

მემორანდუმში წერია, რომ 2024 წლის არჩევნები 0-3 პროცენტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტში 113 ხმის მობილიზება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროა, ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებს, თუნდაც, ერთი დღით მაინც შემოვიდეს პარლამენტში და ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ეს ცვლილებები მათ გარეშე ვერ განხორციელდება. საარჩევნო ბარიერის გარდა, ყველა ცვლილების მიღება მათ გარეშეა შესაძლებელი“,- განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა.