ლევან იოსელიანი - დღეს პარლამენტში იმართება პირველი შეხვედრა, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ
ლევან იოსელიანი - დღეს პარლამენტში იმართება პირველი შეხვედრა, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ

პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ის შედეგიანი.

„არ ვიცი, გამოვალთ და გეტყვით, თუ არ იქნება შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, ვხედავთ, რომ პროცესი არ მიდის წინ. ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება. ჩვენი გზები გაიყო და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით.

პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი კვლავ რჩება პრიორიტეტად და ამ საკითხის გარეშე სხვა საკითხების განხილვას არ აპირებენ.

„ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი და ამ საკითხის გარეშე არ ვაპირებთ სხვა საკითხების განხილვას.

ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, მგონი, ეს თავად ნახეთ. მოაწყეს რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელეა, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი კი სხვანაირად უყურებენ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში იმყოფებიან, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მართავენ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და დაილაპარაკონ კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ამავე განცხადებაში ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ დაასრულა „ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“.