ლევან იოსელიანი - დეპუტატის იმუნიტეტით დაცულია ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ჩათვალეთ, რომ გირაოს გადაუხდელობა არის ნიკა მელიას პროტესტის ფორმა 
ლევან იოსელიანი - დეპუტატის იმუნიტეტით დაცულია ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ჩათვალეთ, რომ გირაოს გადაუხდელობა არის ნიკა მელიას პროტესტის ფორმა 

დეპუტატის იმუნიტეტით დაცულია ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ჩათვალეთ, გირაოს არგადახდა არის ნიკა მელიას პროტესტის ფორმა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.

იოსელიანის თქმით, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა გვქონდეს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, ნიკა მელიას მიმართ, ვაძლევთ თანხმობას, რომ მას მოვუხსნათ იმუნიტეტი. ამ საკითხს აქვს, ჩემი აზრით, ორი ასპექტი – სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, მე დღეს დავუსვი პროკურატურის წარმომადგენელს კითხვა – გირაოს არგადახდა არის თუ არა დანაშაული და მითხრეს, რომ როგორც იურისტს, უნდა ვიცოდე, რომ ეს არ არის ცალკე აღებული დანაშაული. კი, გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული და გირაოს არგადახდის გამო, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი მოხვდეს საპატიმროში. იმუნიტეტის არსი არის ის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური რისკი, რასაც ჩვენ, პოლიტიკოსები ავიღებთ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს გირაოს არგადახდა არის ამ შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით ამ იმუნიტეტს?

იმ პირობებში, როდესაც ორი წლის მანძილზე არ გვქონია შემთხვევა, რომ ამ ადამიანს მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა ან მტკიცებულებების განადგურება ეცადა, ან შეეცადა მიმალვას. ანუ წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ სასამართლოს პატიმრობა გამოეყენებინა, სასამართლომ ამაზე თავის დროზე უარი თქვა. ჩვენ რატომ ვქმნით ამ წინაპირობას და რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი მოხვდეს საპატიმროში? პარლამენტი ხომ არ შეიძლება იყოს პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტს ინსტიტუციურად ხომ შეუძლია ამ ყველაფერზე თქვას არა და დაელოდოს არსებითად იმ საქმის განხილვას, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რომ ეხებოდეს, ანალოგიური პოზიცია ექნებოდა.

„ეს ადამიანი დილიდან გამოდის და მე და ალეკოს გვაკრიტიკებს. მაგრამ ზუსტად იმავეს ვიტყოდით ნებისმიერ თქვენგანს რომ ეხებოდეს ეს საკითხი. მგონია, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაიცვას თავისი კოლეგა საპატიმროში მოხვედრისგან“, – განაცხადა იოსელიანმა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, თუკი ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები შეუნარჩუნეს და ამით დიალოგისთვის სივრცე დატოვეს, ახლა რატომ შეიცვალეს აზრი.

„პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ერთი კვირის წინ ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ზოგადად ოპოზიციონერი კოლეგებისთვის იმუნიტეტის შეჩერებას და ავხსენით იმით, რომ ეს არის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების სივრცე. ეს იყო სწორი. დღეს რა შეიცვალა ამის შემდეგ? აღარ ვაპირებთ ამ დიალოგის გაგრძელებას? აღარ გინდათ, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ პარლამენტში? ამით ხომ თქვენ თვითონ ახდენთ პროცესის იმდაგვარად რადიკალიზაციას, რომ ჩიხში შეგყავთ მთლიანად ეს პოლიტიკური პროცესი. მე მინდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საკითხს და გავიაზროთ, რა არის ამ ყველაფერში პარლამენტის როლი. შეგიძლიათ მოქალაქეებს დაუმტკიცოთ, რომ პარლამენტს, რომელსაც რეპუტაციულად არ აქვს კარგი მდგომარეობა, შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და შეუძლია იყოს ინსტიტუცია, რომელიც არ არის პროკურატურის გაგრძელება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.