ლევან იოსელიანი - ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოჩნდება, რა წინადადებით მოვლენ კრიზისის განსამუხტად
ლევან იოსელიანი - ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოჩნდება, რა წინადადებით მოვლენ კრიზისის განსამუხტად

პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ახლა ბურთი მმართველი გუნდის მხარესაა და მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოჩნდება, რა წინადადებას შესთავაზებს ხელისუფლება პოლიტიკურ ჯგუფებს კრიზისის განსამუხტად.

„თქვენ იცით, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებების რაუნდები. შედგა ორი რაუნდი და ველოდებით მესამე რაუნდს. ამ მესამე რაუნდზე გამოჩნდება, რას მოიტანს ხელისუფლება, რადგან ამ შემთხვევაში ბურთი მათ მხარესაა, მათ უნდა მოიტანონ კრიზისის განმუხტვის კონკრეტული წინადადება და გეგმა. შესაბამისად, ამის მოლოდინში არის ოპოზიცია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, იოსელიანის თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარი ქვეყანა დაინტერესებულია პროცესების მშვიდობიანი განვითარებით, რომ მას არ მოყვეს განსაკუთრებული პრობლემები.

თუმცა, იოსელიანის განმარტებით, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ, რომ მოიპოვოს უკეთესი საარჩევნო სისტემა, სამართლიანი საარჩევნო გარემო და ამას სხვანაირად ვერავინ შეეგუება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ოპოზიციას მოუწოდებენ, შევიდეს პარლამენტში, ლევან იოსელიანის განმარტებით, ეს განცხადება არ გულისხმობს წინაპირობების გარეშე პარლამენტში შესვლას.

იოსელიანის თქმით, აღნიშნული განცხადება გულისხმობს დიალოგის გაგრძელებას და კომპრომისის მონახვას, რათა ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

„ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადადგმული საელჩოების მხრიდან და ველოდებით მესამე რაუნდს. ვნახოთ, რითი მოვა ხელისუფლება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.