ლევან იოსელიანი - ბევრ ქართველ პოლიტიკოსზე მეტად საქართველოს მომავალზე, დემოკრატიულ განვითარებაზე საელჩოებსა და ელჩებს უფრო შესტკივათ გული
ლევან იოსელიანი - ბევრ ქართველ პოლიტიკოსზე მეტად საქართველოს მომავალზე, დემოკრატიულ განვითარებაზე საელჩოებსა და ელჩებს უფრო შესტკივათ გული

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ბევრ ქართველ პოლიტიკოსზე მეტად საქართველოს მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებაზე საელჩოებსა და ელჩებს უფრო შესტკივათ გული.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანი საერთაშორისო გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არა, მათი ჩართულობა ყველა ეტაპზე, ახლა ქვეყანა და მხარეები სად იქნებოდნენ, კაცმა არ იცის.

„ამ ქვეყნისთვის ყველანაირი შტურმი, ესკალაცია და ძალადობა დამღუპველია და პროცესების ჩიხში შემყვანი. ეს პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ორი დღეა, ამას მოგვიწოდებენ დასავლელი პარტნიორები, საელჩოები და ამას ალტერნატივა არ აქვს. კომპრომისი უნდა გამოინახოს, რადგან პოლიტიკური კრიზისი ყოველ დღე უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ უმრავლესობას მოვუწოდებდით, რომ ადამიანებისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რაც ითარგმნება მისი დაჭერით, პროცესს მხოლოდ გააღრმავებდა და ყველაფერს ჩიხში შეიყვანდა. უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა და საქმე აქამდე მოვიდა. რაც უფრო მეტი ადამიანი ეტყვის ორივე მხარეს, რომ ადამიანების დაჭერა, ციხეში ჩასმა და წითელი ხაზებით საუბარი, ამ ქვეყანას რომ ჩიხისკენ მიაქანებს, კარგი იქნება. ჩვენს ბევრ პოლიტიკოსზე მეტად საელჩოებსა და ელჩებს შესტკივათ გული ჩვენი ქვეყნის მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებაზე. რომ არა, მათი ჩართულობა ყველა ეტაპზე, ახლა სად ვიქნებოდით, კაცმა არ იცის. მათი დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე და პროცესები რაღაცნაირად მოქცეულია კანონიერ ჩარჩოში”, – განაცხადა იოსელიანმა.