ლევან იოსელიანი - აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან, მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს შემდგომი არჩევნები, ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენჯერმე კონსულტაცია, სხვა დეტალზე შეთანხმება არ მიგვიღწევია
ლევან იოსელიანი - აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან, მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს შემდგომი არჩევნები, ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენჯერმე კონსულტაცია, სხვა დეტალზე შეთანხმება არ მიგვიღწევია

მე ვთქვი, რომ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა კონკრეტულად „გირჩის“ ერთ ნაწილთან, ისიც აღვნიშნე, რომ ეს შეეხება კონკრეტულ თემას. მათი ხედვა არის, რომ უნდა ჩატარდეს ნულოვანი ბარიერით შემდგომი არჩევნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს 8-10 სამაჟორიტარო ოლქი. ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენჯერმე კონსულტაცია, სხვა რაღაც დეტალზე შეთანხმება არ მიგვიღწევია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან.

„მოლაპარაკება სხვასთან არავისთან გვქონია. ზოგადად, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ამ მოდელის, თუ ამის მიმართ იქნება ოპოზიციის მზაობა, ეს გულისხმობს 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, თუმცა ვფიქრობ, რომ 2022 წლის ვადამდელ არჩევნებამდეც აუცილებელია მივიდეთ მომზადებულები და ეს მომზადება გულისხმობს სწორედ იმ საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომლის შესახებაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, არც ერთი მომდევნო არჩევნები ისე არ უნდა ჩატარდეს, როგორც ჩატარდა 2020 წლის 31 ოქტომბერს.

„ის რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იგივე მოდელით, იგივე სისტემით, ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველა ვთანხმდებით. ნებისმიერ არჩევნებს, რაც არ უნდა იყოს წინ, ეს იქნება თვითმართველობის, ვადამდელი თუ 2022 წლის არჩევნები, აზრი დაეკარგება, თუ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებს დავუბრუნოთ შინაარსი. მგონია, რომ მოლაპარაკები საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს შეთანხმებით, ეს არის ყველაზე მთავარი. შეთანხმებით დასრულება გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას. მე ასე ვუყურებ ამ პროცესს და მგონია, რომ ასე დასრულდება ეს მოლაპარაკებები“,- განაცხადა იოსელიანმა.