ლევან იოსელიანი - არსად არ ხდება, რომ ბიზნესმენი სესხს 10 პროცენტში იღებდეს და პენსიონერი 35 პროცენტში, ეს არის ყაჩაღური პროცენტი
ლევან იოსელიანი - არსად არ ხდება, რომ ბიზნესმენი სესხს 10 პროცენტში იღებდეს და პენსიონერი 35 პროცენტში, ეს არის ყაჩაღური პროცენტი

პარტია „მოქალაქეები” მიიჩნევენ, რომ „ლიბერთი ბანკი” პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში პროცენტის დიდ რაოდენობას უქვითავს და ეს საკითხი უნდა გადაიხედოს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, დღეს პენსიონერებს შეხვდა და მათ პარტიის დღის წესრიგი გააცნო, რა აქვთ დაგეგმილი და როგორ აპირებენ, იმ უსამართლო პროცენტის დაწევას, რაც „ლიბერთი ბანკს” აქვს დაწესებული პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში.

„მათგან კონკრეტული ისტორიები მოვისმინეთ, რამდენად ძვირი უჯდებათ პენსიონერებს სესხის აღება და შემდეგ რამდენად რთულია მათთვის თვიდან თვემდე თავის გატანა. ამ საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა მოვითხოვეთ. ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. გვინდა, ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან დროა, პოლიტიკური თემებიდან რაღაცნაირად იმ თემებზე გადავიდეთ, რაც მოქალაქეებს ადარდებთ და აწუხებთ. ბანკის წარმომადგენლებმა კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცენ, რაც გვაქვს. სასურველია, სხდომას სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწროს, რადგან რაც საქართველოში ხდება, არსად არ ხდება – ბიზნესმენი სესხს 10 პროცენტში იღებდეს და პენსიონერი, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი 35 პროცენტში. ეს არის ყაჩაღური პროცენტი. მესმის, რომ ბანკს მოგება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არ შეიძლება, პენსიონერების ხარჯზე ვინმე მდიდრდებოდეს”, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი