ლევან იოსელიანი - არჩევნებში თუ არ მონაწილეობ, დაფინანსება არ უნდა მიიღო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის ბერკეტად გამოყენება არასწორია
ლევან იოსელიანი - არჩევნებში თუ არ მონაწილეობ, დაფინანსება არ უნდა მიიღო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის ბერკეტად გამოყენება არასწორია

ჩვენ უარი გვაქვს ნათქვამი დაფინანსებაზე, თუმცა მაინც არასწორად მიგვაჩნია პოლიტიკური წნეხის განხორციელება იმ პარტიებზე, რომლებმაც მოითხოვეს დაფინანსება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუ პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, დაფინანსება არ უნდა მიიიღოს, თუმცა ამავე დროს, მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ამის ბერკეტად გამოყენებაც არასწორია.

„დაფინანსების საკითხი არის ოპოზიციაზე ერთგვარი ზეწოლა. ჩვენ ამ შემთხვევაში უარი გვაქვს ნათქვამი დაფინანსებაზე, მაინც არასწორად მიგვაჩნია იმ პარტიებზე პოლიტიკური წნეხის განხორციელება, რომლებმაც მოითხოვეს ეს დაფინანსება. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. ვთვლით, რომ თუ არ მონაწილეობ არჩევნებში, დაფინანსება არ უნდა მიიღო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის ბერკეტად გამოყენება, ცალსახად არ არის სწორი.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმებას, ეს ვერანაირად ვერ მოხდება. შეიძლება, მოხდეს ფორმალურად, რადგან სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი და ვიდრე არიან ამ ქვეყანაში მისი მხარდამჭერები იმ რაოდენობით, რამდენიც არიან, ვერანაირი საბუთით ვერ გაუქმდება. ამიტომ ამ ინიციატივის არსი სრულებით გაუგებარია. უფრო მეტიც, არ არის წორი, რადგან ქვეყანაში სიდიდით მეორე პარტიაზე ასეთი ზეწოლა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. მთლიანად მმართველი გუნდი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველოს პარლამენტს ყავს მრავალპარტიული პარლამენეტი, თუმცა სინამდვილეში არის ერთპარტიული. ისინი იმას ეძახიან მრავალპარტიულ პარლამნეტს, სადაც მათ გარდა არავინ ზის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განმარტებით, პარტია „მოქალაქეები“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ პარლამენტში, თუ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

„სხვა ვარიანტში ჩვენ პარლამენტში მოხვედრას არ განვიხილავთ. ფურცელზე თუ ეწერება ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი პარტია, ფორმალურად, ეგ სხვა საკითხია, რეალურად, ჩვენ იქ არ ვიქნებით“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დროში გაიწელება.

„მგონია, რომ მეხუთე რაუნდი ცოტა დროში გაიჭიმება იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძლდება პარტიებთან მოლაპარაკებები, მერე მოდის ახალი წლები და ვფიქრობ, რომ ეს გადაინაცვლებს ახალი წლის შემდეგ. საბოლოო ჯამში, მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია და ხელისუფლება მოვა ბევრად უფრო მომზადებული, რაც გააჩენს შესაძლებლობას, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ შეთანხმება, რომელიც განტვირთავს პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანა წავა წინ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.