ლევან იოსელიანი - არ ვარ მომხრე, დავიწყოთ წარსულის ქექვა, მათ შორის არც 20 ივნისის, არც 7 ნოემბრის და არც სხვა თარიღების მიმართ
ლევან იოსელიანი - არ ვარ მომხრე, დავიწყოთ წარსულის ქექვა, მათ შორის არც 20 ივნისის, არც 7 ნოემბრის და არც სხვა თარიღების მიმართ

ზოგადად, არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ დავიწყოთ წარსულის ქექვა და ამით კიდევ უფრო გავაჩინოთ უფსკრული საზოგადოებაში, მათ შორის არც 20 ივნისის, არც 7 ნოემბრის და არც სხვა თარიღების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

„რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ გადავფურცლოთ ფურცელი, უნდა გადავფურცლოთ და გავაგრძელოთ მოძრაობა წინ. უფრო მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ იმაზე, ხვალ როგორ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა, ვიდრე იმაზე, 7 ნოემბერს ვის რა დანაშაული მიუძღოდა, მიუძღოდა თუ არადა, ან 26 მაისსა და 20 ივნისს და ა.შ. ეს არის ჩემი პერსონალური დამოკიდებულება. ეს პარადიგმა რამენაირად უნდა შევცვალოთ, უნდა დავიწყოთ ცხოვრება წინ და არა სულ გარჩევა იმის, წარსულში ვინ ვის წინაშე იყო დამნაშავე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის საკითხსაც გამოეხმაურა.

„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რა ვადებს აწესებს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში შემოსვლა არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და მას მოუწევს ამ არჩევანის გაკეთება“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.