ლევან იოსელიანი - მინდა, შარლ მიშელს ოპოზიციური მხრიდან დავანახო, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ კრიზისის განსამუხტად
ლევან იოსელიანი - მინდა, შარლ მიშელს ოპოზიციური მხრიდან დავანახო, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ კრიზისის განსამუხტად

ევროპული საბჭოს პრეზიდენ მიშელის ვიზიტიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ყველა ჩვენი მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულ საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გააცნობს. 

ამასთან, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგზე საუბრისას იოსელიანმა განაცხადა, ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა მოლაპარაკება შედეგით დასრულდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მასთან შეხვედრა რამდენიმე საათში მექნება და იმ სიტუაციას გავაცნობ, რაც საქართველოშია. მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების შესახებ მივაწვდი ინფორმაციას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობებს.

მინდა, მას ოპოზიციური მხრიდანაც დავანახო, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ და რა ნაბიჯები არ გადადგა, რათა პოლიტიკური კრიზისი არ შესულიყო ასეთ ჩიხში. ერთი მხრივ, რა გააკეთა და როგორ შეიყვანა პროცესი ჩიხში და მეორე მხრივ, რა შეეძლო, არ გაეკეთებინა, მგრამ მაინც გააკეთა და ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ. ეს ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით – როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არის პარლამენტს გარეთ. მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ ეს კრიზისი მოლაპარაკებით დასრულდება. ამის წინაპირობებს ვხედავ, ბატონი მიშელის ვიზიტიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ყველა ჩვენი მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციით. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. როდესაც მხარეები მზაობას გამოთქვამენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომით, ე.ი. მათ მზაობაც აქვთ იმისიც, რომ რაღაც დათმობებზე წავიდნენ. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, რომ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება.