ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღესაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგება. ჩვენ დღეს მივემგზავრებით უკრაინაში და ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღესაა. ელჩიც გაწვეულია საქართველოდან და ამ გაფუჭებულ ურთიერთობებს ნამდვილად შველა სჭირდება. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ დღევანდელი ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რომელსაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი. განსაკუთრებული ურთიერთობაა ხალხს შორის და ვხედავთ პოლიტიკურ დონეზე როგორ არის ყველაფერი გაფუჭებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, საკუთარი თავი დააყენონ მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ამ ვიზიტის მიღმა და მათთან ერთად არ წავიდნენ, რაც იოსელიანის თქმით, ძალიან სამწუხაროა.

„ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მთელი ეს პერიოდი მათგან ისმოდა, რომ აუცილებელი იყო წასვლა და მხარდაჭერის აღმოჩენა. ყველა არგუმენტი, რითაც ისინი ამართლებენ უკრაინაში არ წამოსვლას, არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის. ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა თუ გამოჩენა, ეს სერიოზული არგუმენტი არ არის. „ქართული ოცნების“ გარდა, იქ მიდის ყველა პოლიტიკური პარტია და როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის ფასადი, მაშინ ჩვენც, მათ შორის დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, შეურაცხყოფას გვაყენებენ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეურაცხყოფა არავის დაუმსახურებია. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, როდესაც ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ, სადაც ჩვენც მოგვიაზრებენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს სავარაუდოდ საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც წესი, ამ ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

რვა დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.