ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალის შესწავლის შედეგად, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ნახეს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ, როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის, ივნისში, კიდევ ერთხელ ისაუბრა სექსუალურ ხასიათის დანაშაულზე. ჩვენს მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იგივე პერიოდს მიუთითებდა, შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ამასთან, განცხადების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი დავითაძეს სსკ-ის 19,109-„ბ“ მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, რითაც საფრთხე შეექმნა სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.